ენა: ქართული
შესვლა რეგისტრაცია
Pura

ხშირად დასმული კითხვები

ქვემოთ მოცემულია ის, რასაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან. თუ თქვენი კითხვა აქ არ არის, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ.

შეკვეთა

როგორ შევუკვეთო გადაზიდვა?

ფორმაში მიუთითეთ, საიდან და სად მიდის ტვირთი, რა ტვირთია, რამდენს იწონის და როდის უნდა ჩაიტვირთოს. ეს დაახლოებით ორ წუთს სჭირდება, რეგისტრაცია არ არის საჭირო. დისპეტჩერი 2 სამუშაო საათში დაგირეკავთ, შეგითანხმებთ ფასსა და ჩატვირთვის დროს და მანქანას დაჯავშნის.

როდის ითვლება შეკვეთა დადასტურებულად?

როცა ფასსა და დროს დისპეტჩერთან ტელეფონით შეათანხმებთ. ფორმის გაგზავნა გადახდის ვალდებულებას არ ქმნის.

რა ინფორმაცია დამჭირდება?

ჩატვირთვისა და ჩაბარების ზუსტი მისამართები; ტვირთის სახეობა და წონა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოცულობა ან ზომებიც; რაც ჩატვირთვაზე მოქმედებს: სართული, ლიფტი, მისასვლელი გზა, საწყობის სამუშაო საათები; ორივე ადგილზე საკონტაქტო პირის ნომერი.

რა მანქანები გყავთ?

ფურგონი, ბორტიანი, ტენტიანი, რეფრიჟერატორი და ცისტერნა. თუ არ იცით, რომელი გჭირდებათ, დისპეტჩერი ტვირთის მიხედვით შეგირჩევთ.

რამდენად მალე მოვა მანქანა?

დრო დამოკიდებულია მარშრუტზე და იმაზე, რომელი მანქანაა თავისუფალი. ზუსტ დროს დისპეტჩერი ზარისას გეტყვით. რაც უფრო ადრე განათავსებთ შეკვეთას, მით მეტი არჩევანია.

კერძო პირებს ემსახურებით?

დიახ, კერძო პირებსაც და კომპანიებსაც. ინვოისი ორივე შემთხვევაში გამოიწერება.

სად მუშაობთ?

საქართველოში და საერთაშორისო მიმართულებებზე. კონკრეტულ მარშრუტს დისპეტჩერი ზარისას დაგიდასტურებთ.

ფასი და გადახდა

როგორ ყალიბდება ფასი?

ფასზე მოქმედებს მანძილი, მანქანის ტიპი, ტვირთის წონა და მოცულობა, ჩატვირთვის თარიღი და ადგილზე სამუშაოს პირობები. ფასს დისპეტჩერი ჩატვირთვამდე გითანხმებთ. თუ ტვირთის მონაცემები არ შეიცვლება, შეთანხმებული ფასიც არ შეიცვლება.

შემიძლია ჩემი ფასი შემოგთავაზოთ?

დიახ, ფორმაში შეავსეთ „სასურველი ფასი“. დისპეტჩერი გეტყვით, რამდენად რეალურია ამ ფასად მანქანის პოვნა.

რა ვალუტაში ვიხდი?

ლარში.

როდის და როგორ ვიხდი?

ტვირთის ჩაბარების შემდეგ გიგზავნით ინვოისს. გადახდა საბანკო გადარიცხვით ხდება, გადახდის ვადა ინვოისშივეა მითითებული. წინასწარ არაფერს იხდით.

ფასში დღგ შედის?

ჩვენი კომპანია დღგ-ს გადამხდელი არ არის, ამიტომ ფასს დღგ არ ემატება.

გადაზიდვის დღე

ვინ წერს ზედნადებს?

თუ საქონელს ყიდით ან ბიზნესის ფარგლებში გადააქვთ, ზედნადები rs.ge-ზე ტრანსპორტირების დაწყებამდე უნდა გამოიწეროს. მას წერს საქონლის მიმწოდებელი, საკუთარი საქონლის გადატანისას კი მისი მფლობელი. დისპეტჩერი ამას ზარისას შეგახსენებთ.

მსხვრევადი ან განსაკუთრებული ტვირთი მაქვს. რა უნდა ვიცოდე?

თუ ტვირთი მსხვრევადია, საშიშია ან განსაკუთრებულ ტემპერატურას საჭიროებს, ეს ფორმის შენიშვნებში მიუთითეთ. ამის მიხედვით შევარჩევთ მანქანას. მსხვრევადი ტვირთი ჩატვირთვამდე შეფუთეთ.

რა ხდება, თუ მანქანა აგვიანებს?

დისპეტჩერი მძღოლთან კავშირზეა და დაგვიანებისას დაგირეკავთ. თავადაც შეგიძლიათ დაურეკოთ: +995 599 030 091.

ტვირთი თუ დაზიანდა?

ჩაბარებისას ტვირთი მძღოლთან ერთად შეამოწმეთ. ხილული დაზიანება მიღება-ჩაბარების აქტში ჩაიწერება ადგილზევე. ფარული დაზიანების პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში.

გაუქმება და ცვლილება

შემიძლია შეკვეთის გაუქმება?

დიახ. მანქანის დაჯავშნამდე გაუქმება უფასოა. დაჯავშნის შემდეგ გაუქმება ფასიანია; მეტი ღირს, თუ მანქანა ჩატვირთვის ადგილზე უკვე მისულია. ზუსტ თანხებს დისპეტჩერი ჯავშნამდე გეტყვით.

შემიძლია თარიღის ან მისამართის შეცვლა?

დიახ, დაურეკეთ დისპეტჩერს. თუ ცვლილება მანძილს, მანქანის ტიპს ან ჩატვირთვის დროს ცვლის, ფასი შეიძლება შეიცვალოს. ახალ ფასს ცვლილებამდე შეგითანხმებთ.

სხვა

გადამზიდავი ვარ. როგორ ვითანამშრომლო თქვენთან?

დაგვიტოვეთ ტელეფონი, მანქანის ტიპი და მიმართულებები, სადაც მუშაობთ. დისპეტჩერი დაგიკავშირდებათ.

როგორ ამოწმებთ გამგზავნებს?

ყველა შეკვეთას დისპეტჩერი ტელეფონით ადასტურებს, სანამ გადამზიდავს შესთავაზებს. თუ გამგზავნი კომპანიაა, მის საიდენტიფიკაციო კოდს საჯარო რეესტრშიც ვამოწმებთ.

ჩემს ნომერს რისთვის იყენებთ?

შეკვეთის შესათანხმებლად. ჩატვირთვისა და ჩაბარების საკონტაქტო ნომერს მძღოლს გადავცემთ, რომ ადგილზე დაგიკავშირდეთ.

მთავარ გვერდზე